პოსტი მომზადებულია თინათინ ბაქრაძის სტატიაზე დაყრდნობით. Business Feed ანალიტიკური ონლაინჟურნალი 2022 წ.  

rb.gy/pulydy


2022 წელი ტექნოლოგიების მოყვარულთათვის საინტერესო იქნება. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მომხმარებლებს ვირტუალური რეალობის, ელექტროავტომობილების, ჭკვიანი სახლებისა თუ ჯანმრთელობის მიმართულებით დიდ სიახლეებს ჰპირდებიან. თუმცა, ახალი ტექნოლოგიის შექმნას, დახვეწასა და მის საზოგადოებამდე მიტანას ხშირად უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე თავად მწარმოებლებს წარმოუდგენიათ. ეს გარკვეულწილად იმის დამსახურებაა, რომ „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვებაზე. თუ კლიენტები კომპანიას არ ენდობიან და უარს ამბობენ ინფორმაციის მიწოდებაზე, ტექნოლოგია ვერ განვითარდება.

2021 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენა Metaverse-ის დაანონსება იყო. მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, მხოლოდ სოციალურ ქსელს არ დასჯერებოდა და მუშაობა დაეწყო ვირტუალური რეალობის შექმნაზე, სადაც ადამიანები შეძლებენ ყველაფრის კეთებას, რასაც რეალურ ცხოვრებაში აკეთებენ. მაგალითად, სახლიდან გაუსვლელად წასვლას შოპინგზე, მეგობრებთან შეხვედრას, ბუნებაში გასეირნებას და ა.შ. თუმცა, ვირტუალური რეალობის შესაქმნელად მხოლოდ Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta არ მუშაობს. მას კონკურენციას უწევენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან AppleMicrosoft და Google. თითოეული მათგანი აქტიურად ემზადება Metaverse-ისთვის საჭირო Headset-ებისა და ოპერაციული სისტემების წარმოებისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით უკვე არა მხოლოდ დიდი კომპანიები, არამედ სტარტაპებიც მუშაობენ, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, ვირტუალური რეალობა ძალიან პერსპექტიულ სფეროდ მიიჩნევა.

ჭკვიანი სახლი

უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე პოპულარული გახდა Smart ანუ „ჭკვიანი“ საოჯახო ტექნიკა, როგორებიცაა მაცივარი, სარეცხის მანქანა, ტელევიზორი და სხვა. ჭკვიანი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და ძალიან მარტივად, ერთი გაჯეტით მართვა. თუ აქამდე, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუცილებელი იყო ერთი და იმავე ბრენდის ტექნიკის შეძენა, ახლა მომხმარებელს ეს დაბრკოლებაც აღარ ექნება.

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნიკის მწარმოებლები, რომელთა შორისაა AppleSamsungAmazon და Google „ჭკვიანი სახლის“ ერთობლივი სტანდარტის – Matter-ის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდის Smart საოჯახო ტექნიკა შეძლებს ჰარმონიულად მუშაობას და მომხმარებელს არ მოუწევს იმაზე ფიქრი, თუ რომელ ეკოსისტემას იყენებს კონკრეტული მათგანი. ეს კი საკმაოდ გააფართოებს არჩევანს.