ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენი საარსებო გარემო წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება და ხდება უფრო ტექნოლოგიური. ეს ხშირად ბუნებრივ შიშებს აჩენს ადამიანებში. დაწყებული 1999 წლიდან, როდესაც საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი რომ 2000 წელს განულდებოდა ელექტრო კომპიუტერული მოწყობილობების გამომთვლელი სისტემები და ტექნიკა გაჩერდებოდა, გაგრძელებული რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაჩენილი შიშით.  მეორეს მხრივ, თუ ჯანსაღად შევხედავთ პროცესს, დავინახავთ რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის ნიშნებით აღჭურვილი ეს ჭკვიანი ელექტრონული მოწყობილობები და პროგრამები ხდის ჩვენს გარემოს ბევრად უსაფრთხოს. შევადაროთ თუნდაც ავტომობილები, საფრენი აპარატები, სამედიცინო ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი დღეს ბევრად უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის ჩვენს ცხოვრებას ვიდრე 30-50 წლის წინ იყო შესაძლებელი.

სიახლეების მიმართ შიში ბუნებრივი ადამიანური მოვლენაა. თუმცა ეს სიახლეები, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში მარტივად ხდება ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი, სწრაფადვე ძველდება და  უთმობს ადგილს  უკვე ახალ ტექნოლოგიებს. გავიხსენოთ ბაბინები, ვინილის დისკები, კინოლენტის აპარატები, ვიდეო მაგნიტოფონები, DVD, ფლოპ დისკები, ბანკის სალაროები, გადახდის აპარატები, ტაქსის გამოძახების და სხვა სატელეფონო სერვისები, შოპინგი, ბილეთების შეძენა და სხვა ტექნოლოგიები, რომლებმაც დღეს დახვეწილი ფუნქციონალური აპლიკაციებით სმარტფონებშია თავმოყრილი, სადაც დაცულია პირადი მონაცემების უსაფრთხოება, ჩვენი ფული, მიმოწერა, ფოტო და ვიდეო არქივი, კრიპტო და სხვა აქტივები. ჩვენი ცხოვრების გაციფრულება გარდაუვალი პროცესია და ამიტომ უმჯობესია მას ფეხი ავუწყოთ, ვიყოთ თანამედროვე და არ მოვიდეთ კონფლიქტში ჩვენი გარემოს ბუნებრივ განვითარებასთან.

თუ ტექნოლოგიები გარშემო ყველგანაა და სრულად ვანდობთ მათ უმნიშვნელოვანეს პროცესებს,  მაშინ რატომ გვიკვირს რომ ჩვენი საცხოვრებელი სახლების, ოფისების ან საწარმოო სივრცეების და პროცესების კონტროლი მთლიანად ციფრულ ფორმატზე გადავიდეს?

ჩვეულებრივი მომხმარებელი სახლის კარის ელექტრო საკეტის დანახვისას პირველ კითხვას სვამს – რამდენად სანდოა და დაცული? შესაძლებლობა ხომ არ ექნებათ არაკეთილმოსურნეებს უფრო მარტივად შეაღწიონ მის სახლში? პასუხი მარტივია: არა!  ისევე როგორც უსაფრთხოა ინტერნეტ ბანკინგი ან შოპინგი. მეტიც, ჭკვიანი მოწყობილობების (IoT – internet of things) წყალობით თქვენ ბევრად მეტი კონტროლი გაქვთ ასეთი გაჯეტებით აღჭურვილ სივრცეზე. ელექტრო ჭკვიანი საკეტით აღჭურვილ ბინაში ნებისმიერ დროს და ვითარებაში შესაძლებელია შეღწევა – მაგრამ მხოლოდ თქვენი კონტროლითა და ნებართვით. ეს კონტროლი შესაძლებელია სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან სადაც თქვენი სმარტფონისთვის ინტერნეტია ხელმისაწვდომი. ჩვენ კი როგორც წესი არ დავდივართ ისეთ ადგილებში სადაც ინტერნეტი არაა 😊. შესაბამისად, თუ ჩვენს შემოსავალს, დანაზოგს, კრედიტებს მთლიანად ვანდობთ მობაილ ბანკინგს, მაშ რატომ გვეშინია სახლის კარზე ელექტრო საკეტის დაყენების? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს გაუცნობიერებელი შიშია სიახლეების მიმართ, რომელიც ერთი ხელის მოსმით გაქრება და ჩვენს ცხოვრებაში უზარმაზარი ტალღით შემოვა ჭკვიანი საყოფაცხოვრებო მოწყობილობები უახლოეს მომავალში.  ჩვენი IoT მოწყობილობები მუშაობს Tuya-ს პროგრამული უზრუნველყოფით, რაც დაცულობის მაღალ სტანდარტს გულისხმობს.  Tuya ზოგიერთი ბანკის მსგავსად ნიუ იორკის საერთაშორისო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რაც ავტომატურად გულისხმობს რომ ის და მისი პროდუქტები მრავალ ტექნოლოგიურ შემოწმებას, აუდიტს და სერტიფიცირებას გადიან პერსონალური მონაცემებისა და ზოგადი უსაფრთხოების დაცვის სტანდარტზე.

რამდენიმე სცენარი და შემთხვევა წარმოვიდგინოთ.

თქვენ არ იმყოფებით ქალაქში და აღმოჩდა რომ თქვენს ბინაში არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ან ნივთი, რომელიც ახლა დაუყოვნებლივ ესაჭიროება ვიღაცას. თქვენი მითითებით ვინმე მიდის ბინასთან, თქვენ სმარტფონით გაუღებთ კარს, ან მისცემთ მას ერთჯერადი მოქმედების პინკოდს, შევა ბინაში აიღებს რაც საჭიროა, გაიხურავს კარს და ბინა კვლავ დაცული და დაკეტილია. პარალელურად თქვენი კამერა ჩაიწერს თუ ვინ შევიდა, რა დროს, რამდენი ხანი იყო შიგნით და რას აკეთებდა.

თქვენი ჭკვიანი საკეტი ტელეფონზე შეგატყბინებთ მისი გაღების ნებისმიერი მცდელობის შესახებ. თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას რომ საკეტს ვიღაც „აწვალებს“, შეგიძლიათ მაშინვე მიმართოთ სადარბაზოში კარის თავზე დაყენებულ კამერას, გაერკვეთ სიტუაციაში და იმოქმედოთ შესაბამისად, მაგ. გამოიძახოთ პოლიცია.

ან წარმოვიდგინოთ სცენარი როდესაც თქვენს ბინაში ყოველ სამშაბათს მოდის დამხმარე დიასახლისი, მაშინ როდესაც თქვენ დილას ადრე უკვე სამსახურში ხართ. თქვენ შეძლებთ აპლიკაციით დააგენერიროთ კოდი, რომელსაც გადასცემთ დამხმარეს და ეს კოდი მხოლოდ სამშაბათს, კონკრეტული საათების შუალედში იმუშავებს. ეს დაგაზღვევთ იმისგან რომ: ა) ელოდოთ დიასახლისს. ბ) დიასახლისი სხვა დროს, თქვენი ნებართვის გარეშე მოხვდეს ბინაში. გ) დაკარგოს გასაღები და ის მესამე პირების ხელში აღმოჩდეს. გ) ზუსტად გეცოდინებათ როდის შევიდა იგი ბინაში და როდის გავიდა. ეს კი იდეალური გადაწყვეტაა ადამიანებისათვის, ვისთვისაც დრო ძვირფასია და თან მუდმივად აქვთ საჭიროება კონტროლი ქონდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

მრავალწევრიანი ოჯახის და ბავშვების შემთხვევაშიც თქვენ დაცული ხართ გასაღების დაკარგვისგან, გასაღების უკონტროლო ერთმანეთისთვის დატოვების საშიშროებისგან. ოჯახის ყველა წევრის თითის ანაბეჭდი შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული როგორც გაღების საშუალება. ასევე ძიძას, დამლაგებელს თუ ბებია ბაბუას რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ ქონდეთ საკუთარი კოდი. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიხედოთ აპლიკაციაში და ნახოთ სრული ინფორმაცია ე.წ. ლოგები ვის მიერ როდის იყო კარი გაღებული, ვინ შევიდა ბოლოს და ა.შ.

დაფიქრდით რამდენჯერ გქონიათ უცნაური განცდა, მოშვებული წყალი ან ჩართული უთო ხომ არ დამრჩა სახლში? ან მოგისმენიათ ტელევიზორში ინფორმაცია ხანძრის შესახებ თქვენს უბანში და შფოთვა არ გასვენებთ, ყველაფერი წესრიგშია სახლში? ამ დროს სამსახურში ხართ, ან მივლინებაში და სახლში მისვლის შანსი არ არის. სწორედ ასეთ დროს, ჭკვიანი მოწყობილობები გვაძლევს სიმშვიდის განცდას. ნებისმიერ დროს შეგვიძლია კამერის საშუალებით შევიხედოთ სახლში, თვალყური ვადევნოთ შინაურ ცხოველებს და ზოგჯერ ველაპარაკოთ კიდეც მათ. ხოლო ექსტრემალურ ვითარებაში ნებისმიერი ახლოს მყოფი პირი შევუშვათ ბინაში, იქნება ეს მეზობელი, ოჯახის ახლობელი თუ მაგალითად სამაშველო სამსახური.

სწორედ ეს გარემოებებია, რის გამოც მიგვაჩნია რომ ჭკვიანი მოწყობილობებით, საკეტებით, სენსორებითა და კამერებით აღჭურვილი სახლი სინამდვილეში უფრო დაცულია. ასევე დაცული არიან მისი ბინადრები, ოჯახის წევრები, შინაური ცხოველები, მოხუცები, ბავშვები თუ სპეციალური საჭიროების მქონე პირები.

კომფორტი და უსაფრთხოების განცდა კი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია სახლთან მიმართებაში. გავიხსენოთ გამოთქმა ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა, რომელიც კიდევ უფრო მყარი და აქტუალური ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

რამდენიმე პროგნოზი:

2024 წელს სახლებში ინტერნეტის 50%  გენერირებული იქნება ჭკვიანი მოწყობილობებით.

2027 წლისთვის მთელს მსოფლიოში დაახლოებით 29 მილიარდი ჭკვიანი მოწყობილობა იქნება მიერთებული ინტერნეტზე.

2028 წლისთვის  საცხოვრებელი სივრცის არანაკლებ 75% აღჭურვილი იქნება მინიმუმ ერთი ჭკვიანი მოწყობილობით მაინც.

2030 წლისთვის ჭკვიანი მოწყობილობები არა მარტო ჩვენი დავალებებით იზრუნებენ უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, არამედ ექნებათ უნარი გონივრულად ადაპტირდნენ და ქცევების შესწავლის შედეგად ბევრად გაზარდონ მათი ეფექტურობა.

სწორედ ამიტომ Sonorous Smart System-ში მიგვაჩნია, რომ ძალიან მალე ასეთი ჭკვიანი მოწყობილობები მასიურად გახდება ყველა სახლის და ოფისის განუყოფელი ნაწილი. ბინის გაყიდვის ან გაქირავებისას იქნება ისეთივე აუცილებელი წინაპირობა, როგორც დღეს არის რკინის კარი, ცენტრალური გათბობა ან თუნდაც სარეცხის მანქანის გაყვანილობა.

 

ბექა ელისაშვილი
ჭკვიანი სისტემების ექსპერტი

სონორას სმარტ სისტემს