პოსტი მომზადებულია პატრკიკ ლუკას ოსტინის სტატიაზე დაყრდნობით. ჟურნალი თაიმ 2019 წ.  

rb.gy/fctdtu

 

წარმოიდგინეთ  დილის 6 საათია და მაღვიძარა ჩვეულებრივზე ადრე რეკავს. არა, ეს არ არის გაუმართაობა, ეს საყოფაცხოვრებო ელექტროსისტემის ნაწილია.  თქვენმა  ჭკვიანმა საათმა დაასკანირა თქვენი დღის განრიგი და თქვენი ადრიანად გაღვიძება გადაწყვიტა,  რადგან ასეთი დიდი პრეზენტაცია გაქვთ დილით დაგეგმილი. მაღვიძარამდე ავტომატურად იხსნება ფარდა და მზის შუქი იჭრება ოთახში,  ასევე ავტომატურად ირთვება შხაპი და თქვენს შესვლამდე ათბობს წყალს სასურველ 40°C-მდე. შხაპიდან გამოსულს სამზარეულოდან ყავის არომატი გცემთ, რადგან ასევე დაგეგმილ დროს ყავა ჩამოასხა აპარატმა.  მოგვიანებით სახლში დაბრუნებულს კი ჭკვიანი სახლის ახალი პაკეტი გხვდებათ:  ავტომატურად თქვენს მოსვლამდე ჩართული განათება,  გათბობა-კონდიცირება, დახურული ფარდა, ცხელი საჭმელი და ა.შ.

შვედური კვლევითი ფირმა Berg Insight ამბობს, რომ 2022 წლისთვის უკვე 63 მილიონი ამერიკული სახლი გახდება ბოლომდე „ჭკვიანი“ და ინტერნეტთან დაკავშირებული, ნათურებიდან დაწყებული, კამერებით დამთავრებული, რომელიც გვაძლევს საშუალებას ოფისიდან დავათვალოთ ჩვენი შინაური ცხოველები. მაგრამ ათწლეულის შემდეგ,  ხელოვნური ინტელექტის მიღწევების წყალობით, ყველაზე ჭკვიანი სახლები შეძლებენ გაეცნონ თავიანთი მფლობელების ჩვევებს და სურვილებს,  საბოლოოდ კი წინასწარ გაითვალისწინონ მათი საჭიროებები. რობოტიკის განვითარება მოგვცემს მანქანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან დასუფთავების, საჭმლის მომზადებაში და სხვა. ახალი სენსორები იზრუნებენ ჩვენს უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე. ამ ყველაფერში ცენტრალური იქნება ის მონაცემები, რომლებსაც ჭკვიანი სახლები აგროვებენ, აანალიზებენ და მოქმედებენ, რაც ხელს შეუწყობს მომავლის სახლების გადაქცევას გაჯეტებისა და აქსესუარების უბრალო კოლექციიდან ჭეშმარიტად „ჭკვიან“ სახლებად.

საკონსულტაციო ფირმა ABI Research-ის თანახმად, 2021 წლისთვის მომხმარებლები 123 მილიარდ დოლარს დახარჯავენ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სმარტ აღჭურვილობებზე და ეს რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. ინტერნეტში ჩართული ტელევიზორების გარდა, მწარმოებლები თავიანთ R&D და მარკეტინგის ბიუჯეტებს მიმართავენ სახლის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემებზე. ბაზრის კვლევის კომპანია IoT Analytics-ის თანახმად, მსოფლიოში უკვე არის მინიმუმ 7 მილიარდი ერთმანეთთან ქსელით დაკავშირებული ინტერნეტ ნივთი (IoT*). მაგრამ დღეს უკვე როდესაც ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია უფრო ადვილი გამოსაყენებელი და მისი სარგებელი უფრო თვალსაჩინო ხდება, ეს ინდუსტრია მზად არის დიდი ნახტომისთვის. „სავარაუდოა, რომ ამ პროდუქტებზე მდგრადი მოთხოვნა არ შეწყვეტს ზრდას“, – იტყობინება IDC.

 

რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებენ ჩვენი სახლები ჩვენს შესახებ, ამ მონაცემების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ყველა მოწყობილობა, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან, ჰაკერების პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს. როდესაც ვსაუბრობთ მოწყობილობებზე, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი სახლების შორიდან განბლოკვა, კამერების გამოყენებით ჩვენს საცხოვრებელ ოთახებში შეხედვა და ჩვენი ყველაზე მგრძნობიარე და პირადი მონაცემების შეგროვება, კიბერუსაფრთხოება კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. დანიელ კული, ელექტრონიკის კომპონენტების მწარმოებლის Silicon Labs-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცერი ამბობს რომ ნებისმიერი სახის მასიური დარღვევა, შეიძლება იყოს კატასტროფული ინდუსტრიისთვის. ”მე მას ვუწოდებ მასობრივი გადაშენების მოვლენას ნივთების ინტერნეტისთვის,” – ამბობს ის.

მთელი რიგი ტექნოლოგიური სიახლეები, ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიას ბევრად დიდი მასშტაბის განვითარების ორბიტაზე გაიყვანს, ვიდრე დღეს ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.  ინოვაციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, თითქმის ყველაფერს თავდაყირა აყენებს ჩვენს ცხოვრებაში, ასევე იქნება ჩვენს სახლებშიც. თქვენ შესაძლოა უკვე იყენებდეთ ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმოვანი ასისტენტის გაჯეტს, რომ მიიღოთ უახლესი ამბები ან ამინდის პროგნოზი ყოველ დილით. მაგრამ მომავლის ჭკვიან სახლში, ხელოვნური ინტელექტის ეს პლატფორმები შეიძლება იყოს ტვინი მთელი სახლებისთვის, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მაცხოვრებლების შესახებ და კოორდინაციას უწევს და მართავს მათ სხვადასხვა ჭკვიანი გაჯეტს. IoT* კომპანია Crestron, მუშაობს პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც თვალყურს ადევნებს ადამიანის ჩვევებს, მაგალითად, რომელი მუსიკის მოსმენა სურს დილით ან როგორი განათება უნდა იყოს ჩართული დღის ამა თუ იმ მონაკვეთში. შემდეგ, როგორც კი სისტემა მიიღებს მომხმარებლის პრეფერენციებს, ის ავტომატურად უკრავს სასურველ ფლეილისტებს ან აანთებს შესაბამის განათებას საჭირო მომენტში. „ეს მართლაც შემდეგი ევოლუციური ნაბიჯია ჭეშმარიტ ავტომატიზაციაში“, ამბობს ჯონ კლენსი, Crestron-ის საყოფაცხოვრებო ბიზნესის ხელმძღვანელი.

რობოტებსაც ექნებათ როლი მომავლის ჭკვიან სახლში. ჭკვიანი მტვერსასრუტები, როგორიცაა iRobot’s Roomba, უკვე ასუფთავებს ჩვენს გარემოს, ხოლო პროდუქტები, როგორიცაა Aibo, რობოტი ძაღლი ბავშვებისთვის, გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმარონ გაჯეტები შინაური ცხოველების მსგავსად.

როგორი იქნება ჭკვიანი სახლების ინდუსტრიის უახლოესი მომავალი? რობოტული ავეჯის მწარმოებელი კომპანია Ori Living Ikea-სთან ერთად მუშაობს იმ ტიპის ავეჯის კომპონენტებზე, რომლებიც იცვლება თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, საწოლის მოშორება, როდესაც სამუშაო მაგიდა გჭირდებათ, ან მალავს თქვენს კარადას, როდესაც სადილის დროა. დიზაინერმა ფირმა Design3-მა ახლახან აჩვენა ჭკვიანი სახლის რობოტის კონცეფცია, CARL. ქსოვილით დაფარული ბოტი ნელ-ნელა გადაადგილდება თქვენს სახლში, და მის კამერებს და სენსორებს იყენებს დამნაშავეების აღმოსაჩენად, წესრიგის შესანარჩუნებლად ან შინაურ ცხოველებზე ყურადღების მისაქცევად.

შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ჯანმრთელობის აპლიკაციები ხელს შეუწყობს ჭკვიანი სახლის ფუქნციების ზრდას. მაცივრებში ჩამონტაჟებული კამერები და სენსორები კვების უფრო ჯანსაღ ალტერნატივებს შემოგთავაზებენ, თუ ადამიანები ცოტა ზედმეტად ხშირად ღებულობენ შაქრიან ან გაზიან პროდუქტებს.  სენსორები კი გამოჩნდებიან ტუალეტებშიც, რათა შეამოწმონ რაიმე პოტენციური ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკები ადამიანის ნარჩენების სკანირებით და ანალიზით. აბაზანის მოწყობილობების კომპანია Toto-მ გატესტა შარდის ანალიზის ამღები მოწყობილობები საპირფარეშოში, ხოლო ერთმა კომპანიამ შეიტანა საპატენტო განაცხადები მოწყობილობებზე, მათ შორის სარკეზე, რომელიც მიზნად ისახავს აკონტროლოს მომხმარებლების ჯანმრთელობა მხოლოდ მათი კანის მდგომარეობის ვიზუალური ანალიზით. სახლებს ექნებათ საკუთარი ჯანმრთელობის სენსორებიც, რომლებიც ამოწმებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა წყლის დაზიანება, მავნებლების შეჭრა და ა.შ.

 

სავარაუდოდ ადრე თუ გვიან თქვენც მოხვდებით ქსელში ჩართულ სახლში, მიუხედავად იმისა, გინდათ ეს თუ არა. არქიტექტორი მაიკლ გარდნერი, სამშენებლო ფირმის Luxus Design Build-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ სახლები სულ უფრო და უფრო “ჭკვიანურად” შენდება თავიდანვე. ”ეს სახლის ისეთი განუყოფელი ნაწილია, რომ ჩვენ მას თავიდანვე ვაპროექტებთ“- ამბობს ის.

საბოლოო ჯამში, ექსპერტები ამბობენ, რომ ხალხი მიიღებს ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიას და ის გახდება საყოფაცხოვრეკო კომფორტისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი, ისევე  როგორიცაა ელექტროენერგია, მაცივარი ან კონდიციონერი.

______________________

* IoT  – The Internet of things (IoT), ნივთების ინტერნეტი (IoT) აღწერს ფიზიკურ ობიექტებს (ან ასეთი ობიექტების ჯგუფებს) სენსორებით, დამუშავების უნარით, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნოლოგიებით, რომლებიც აკავშირებენ და ცვლიან მონაცემებს სხვა მოწყობილობებთან და სისტემებთან ინტერნეტით ან სხვა საკომუნიკაციო ქსელებით. ზოგიერთი მოსაზრებით ნივთების ინტერნეტი მიჩნეულია არასწორ ტერმინად, რადგან მოწყობილობებს არ სჭირდებათ საჯარო ინტერნეტთან დაკავშირება, ისინი მხოლოდ ჰაბთან (ლოკალური ქსელი) უნდა იყვნენ დაკავშირებული რაც საკმარისია ფუქნციების შესასრულებლად.